მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა, კოლხთა, ანუ სრულიად ქართველთა
ეროვნული მოძრაობა „იბერია“
„ჩვენ არ ვეძებთ ბატონს“
1917
ეროვნული საბჭო
1917 წელს, აპრილში, ქართულ პოლიტიკურ ძალთა ორგანიზების მიზნით, მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი და მეორე ინტერპარტიული კრებები, სადაც წარმოდგენილი იყვნენ: სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები. ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარედ აკაკი ჩხენკელი დაინიშნა.
1917 წლის 19 ნოემბერს შედგა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც დაესწრო ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო (ეროვნული საბჭო ასრულებდა საქართველოს მთავრობის ფუნქციას), რომლის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია დაინიშნა.
1918
26 მაისი
1918 წლის იანვარში კავკასიის ფრონტზე განლაგებული არმიის ნაწილებმა ფრონტის ხაზები მიატოვეს და თბილისისკენ დაიძრნენ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ახალშექმნილმა ქართულმა რეგულარულმა ჯარმა (პირველმა ქართულმა კორპუსმა) და სახალხო გვარდიის ნაწილებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეჩერება. რუსები იძულებულნი გახდნენ, თბილისის ოკუპაციაზე ხელი აეღოთ და ბაქოსკენ დაიხიეს. ამიერკავკასიის კომისარიატმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები არ სცნო. 1918 წლის პირველ აპრილს ოსმალეთმა ბათუმის ოლქი, გურიის ნაწილი და სამცხე-ჯავახეთი დაიკავა. ამიერკავკასიის დელეგაცია ოსმალეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებისათვის გაემგზავრა ბათუმში, სადაც დელეგაციათა ერთადერთი შეხვედრა 1918 წლის 11 მაისს გაიმართა. ბათუმის მოლაპარაკებაზე გაირკვა, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას შინაგანი წინააღმდეგობა ღრღნიდა. სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ქართველები გერმანოფილურ, სომხები ანგლოფილურ, ხოლო აზერბაიჯანელები თურქოფილურ ორიენტაციას აღიარებდნენ. გენერალმა ოტო ფონ ლოსომ აკაკი ჩხენკელს განუცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში გერმანიის იმპერია ოსმალეთის აგრესიისგან ამიერკავკასიის ფედერაციას ვერ დაიცავდა, ხოლო, თუ ქართველებს გერმანიის მფარველობა სურდათ, უნდა გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უნდა დაშლილიყო. გენერალი ოტო ფონ ლოსო ქართველებს პირდებოდა, რომ ამ შემთხვევაში იგი იშუამდგომლებდა გერმანიის იმპერიის მთავრობის წინაშე საქართველოს დაცვის თაობაზე.
1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
1919
სახელმწიფო ხელისუფლება
1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება. დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემდეგ მთავრობა მხოლოდ ამ პარტიამ დააკომპლექტა.
1919 წლის 12 მარტს დამოუკიდებლობის აქტში ნათქვამი იყო:
- ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო – სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
- დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული რესპუბლიკა.
- საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.
1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ პარიზში ერთა ლიგის ოფისში მივლინებული იყო დელეგაცია და თან ჩაიტანეს ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი რუკა დასამტკიცებლად, მაგრამ უარი მიიღეს იმის გამო, რომ რუსეთთან უნდა მომხდარიყო და არა ოსმალეთის იმპერიასთან ტერიტორიული საკითხის იურიდიულად შეთანხმება.
1920
განსაკუთრებული ხელშეკრულება
1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღიდან, 1920 წლის 7 მაისს, „განსაკუთრებული ხელშეკრულების“ გაფორმებამდე, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ხუთი უსასტიკესი ომი გადაიტანა და ყველა ომში გამარჯვება მოიპოვა, ანუ ისტორიული ტერიტორიების იურიდიულად დაბრუნებას, წინ მძიმე და სასტიკი ბრძოლები უძღოდა.
1920 წლის 7 მაისიდან რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტური რესპუბლიკის, როგორც მეფის რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე სახელმწიფოდ აღიარების მომენტიდან, უპირველეს ყოვლისა, 1783 წლის „გიორგიევსკის ტრაქტატი“ და 1801 წლის, ქართველთა სამეფოთა გაუქმების ყველა მოქმედების მქონე დოკუმენტი ბათილი ხდება, ანუ ყველა ის დოკუმენტი გაუქმდა, რომელიც კრძალავდა დამოუკიდებელ ქართველთა როგორც სახელმწიფოებრიობას, ასევე ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობას. ამიტომ, 1917 წლის 25 მარტს გამოცხადებულ ერთიან ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხს, 1920 წლის 7 მაისის „განსაკუთრებული ხელშეკრულებამ“ უდიდესი სამართლებრივი ძალა მისცა.
1920 წლის 7 მაისის განსაკუთრებული ხელშეკრულების საფუძველზე, მეფის რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე სახელმწიფომ, საბჭოთა რუსეთმა, უკვე აღიარებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, დეიურე ფორმით სცნო და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გადაეცა ყველა მისი ძირძველი ტერიტორია, რომლებსაც ფლობდა მეფის რუსეთის იმპერია: თბილისის, ქუთაისის და შავიზღვისპირა გუბერნიები, ბათუმის მხარე, ანუ ტაო-კლარჯეთი ტრაპიზონის ვილაიეთის ნახევრით, მთლიანად შავიზღვისპირეთი, აფხაზეთი – სოხუმის ოლქი, ჰერეთი ზაქათალა – ზაქათლის ოლქი სამი რაიონით, კახის და ბელაქნის რაიონი, დვალეთი, ლორე და შუა ლორე ალავერდითურთ და მთლიანად სამცხე-ჯავახეთი, ორმხრივი თავდაუსხმელობის ვალდებულებით.
მუხლი 1.
რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მიერ გაცხადებული ყველა ხალხების თვითგამორკვევის უფლების შესახებ სახელმწიფოსგან სრული გამოყოფის ჩათვლით რომელშიც ისინი შედიან, რუსეთი უპირობოდ სცნობს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და ნებაყოფილობით ამბობს უარს ყოველგვარ სუვერენულ უფლებებზე რომლებიც ეკუთვნოდა რუსეთს ქართველი ხალხისა და მიწის მიმართ.
მუხლი 2.
წინამდებარე ხელშეკრულების 1–ლ მუხლში განცხადებული პრინციპებიდან გამომდინარე რუსეთი იღებს ვალდებულებას უარი თქვას საქართველოს შიდა საქმეებში ყოველგვარ ჩარევაზე.
მუხლი 3.
1. საქართველოს და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარი გადის შავი ზღვიდან მდინარე ფსოუს გასწვრივ ახახჩას მთამდე, მთა ახახჩას და მთა აგაპეტის გადავლით და ყოფილი შავიზღვისპირა, ქუთაისის და თბილისის გუბერნიების ჩრდილოეთ საზღვარზე ზაქათალის ოლქამდე და ამ ოლქის აღმოსავლეთ საზღვრით სასომხეთის საზღვრამდე.
2. აღნიშნულ სასაზღვრო ხაზზე ყველა უღელტეხილი 1922 წლის 1 იანვრამდე ითვლებიან ნეიტრალურებად. ისინი არ შეიძლება დაკავებული იქნენ ხელმომწერი მხარეების ჯარების მიერ, ისევე როგორც არ შეიძლება რომ ისინი იქნენ გამაგრებული.
3. დარიალის უღელტეხილზე წინამდებარე მუხლის მე–2 პუნქტში მითითებული ნეიტრალიზაცია გავრცელდება უღელტეხილის გაყოლებაზე ბალთიდან კობამდე, მამისონის უღელტეხილზე ზარამაგიდან ონამდე, ყველა დანარჩენ უღელტეხილებზე საზღვრიდან 5 ვერსტიან მანძილზე ორივე მხრიდან.
4. ორივე ხელმომწერ მხარეს შორის ზუსტი სახელმწიფო საზღვრის გატარება ჩატარდება განსაკუთრებული შერეული კომისიის მიერ რომელშიც მხარეები თანაბარი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი. ზემოთაღნიშნული კომისიის მუშაობის შედეგები გამყარდება ხელმომწერ მხარეებს შორის სპეციალური ხელშეკრულებით.
მუხლი 4.
რუსეთი ვალდებულებას იღებს უსიტყვოდ აღიაროს საქართველოს სახელმწიფოში შემავლად, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების მე–3 მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად შავიზღვისპირა გუბერნიის ნაწილებისა, ყოფილი რუსეთის იმპერიის გუბერნიები და ოლქები– თბილისის, ქუთაისის და ბათუმის, ყველა ოლქებით და რაიონებით რომლებიც შეადგენენ აღნიშნულ გუბერნიებს და ოლქებს და აგრეთვე ზაქათალის და სოხუმის ოლქები.
2. შემდგომში, საქართველოს და რუსეთის გარდა სხვა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებთან ურთიერთობის გარკვევისდა მიხედვით, არსებული ან რომლებიც შეიქმნებიან და ექნებათ საზღვარი საქართველოსთან სხვა საზღვრების გასწვრივ, გარდა იმათისა რომელიც აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულების მე–3 მუხლში, რუსეთი გამოთქვამს მზადყოფნას ცნოს საქართველოში შემავალად ყოფილი კავკასიის სამეფისნაცვლოს ესა თუ ის ნაწილები რომლებიც გადავლენ მასთან ამ წარმონაქმნებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
1921
დამოუკიდებლობის დასრულება
საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე ცნობის მილოცვები
1921 წლის 6 თებერვლისთვის თბილისში არაერთი უცხო სახელმწიფოს საელჩო და დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა.
მთავრობის სასახლეში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს- ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე ცნობა მიულოცეს თბილისში აკრედიტებულმა უცხო სახელმწიფოთა შემდეგმა წარმომადგენლებმა:
- დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა – სტოქსმა;
- საფრანგეთის უმაღლესმა კომისარმა – შევალიემ;
- საფრანგეთის სამხედრო წარმომადგენელმა – პოლკოვნიკმა კორბეილმა;
- გერმანიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა – რაუშერმა;
- იტალიის ელჩმა – ჩერუტიმ;
- იტალიის კონსულმა – ფრანზონიმ;
- რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა – შეინმანმა;
- ამერიკის დამხმარე კომიტეტის წარმომადგენელმა – ელვერგმა;
- ოსმალეთის დიდი ნაციონალური ყრილობის წარმომადგენელმა – ქიაზიმ ბეიმ;
- პოლონეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა – ოსტროვსკიმ;
- ნიდერლანდების ვიცე-კონსულმა – ფონ ალენ შტეინმა;
- ნორვეგიის კონსულმა – სონდლომ;
- ესპანეთის ვიცე-კონსულმა – ბარსეგიანიმ;
- საბერძნეთის წარმომადგენელმა – სკეფერისმა;
- ფინლანდიის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა – პოლკოვნიკმა ბერკვისტმა;
- ჩეხოსლოვაკიის ნაციონალური საბჭოს წარმომადგენელმა – სვატოშმა;
- სპარსეთის გენერალურმა კონსულმა – ზოკა ედ დოვლემ;
- აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა – ნაჯაფოვმა;
- სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა – შავერდოვმა;
- სომხეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა კაცენსმა;
- ესტონეთის კონსულმა – პაულმა;
- ლატვიის კონსულმა – დაილიდემ.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ
შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დე ფაქტო და დე იურე ცნობასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოები, საკონსულოები თუ დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნა საფრანგეთში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, რუსეთში, ოსმალეთში, არგენტინაში, მანჯურიაში, შვეციაში, ნორვეგიაში, აშშ-ში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში.
- არგენტინაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი ანდრია დეკანოზიშვილი იყო, ხოლო არგენტინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ლუკას ეირეგეირა (Lucas Ayarragaray);
- საფრანგეთში სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა აკაკი ჩხენკელი, ხოლო საელჩოს პირველ მდივნად – სოსიპატრე ასათიანი;
- გერმანიაში საქართველოს ელჩი იყო ვლადიმერ ახმეტელი;
- შვეიცარიაში (ბერნში) – მიხეილ სუმბათაშვილი, საელჩოს პირველი მდივანი – ვლადიმერ გურჯიძე;
- ჟენევაში, ერთა ლიგასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი – ხარიტონ შავიშვილი;
- ბელგიაში – ანტონ ჟორჟოლიანი, ატაშე – ალექსანდრე ქუთათელაძე;
- შვეციასა და ნორვეგიაში – მიხეილ (მიხაკო) წერეთელი;
- იტალიაში – კონსტანტინე საბახტარაშვილი, საელჩოს პირველი მდივანი – გიორგი მაჩაბელი (მოგვიანებით, იგი თავად გახდა ელჩი იტალიასა და ავსტრიაში), ეკონომიკური
- წარმომადგენელი – მიხეილ ყაუხჩიშვილი, კონსული – გიორგი აფხაზი;
- დიდ ბრიტანეთში – დავით ღამბაშიძე, პირველი მდივანი – ანდრია გუგუშვილი, მდივანი – ვიქტორ ნოზაძე;
- არგენტინაში – ანდრია დეკანოზიშვილი;
- ოსმალეთში (კონსტანტინოპოლში) – მთავრობის რწმუნებული – კონსტანტინე გვარჯალაძე, კონსული – იოსებ გოგოლაშვილი, ეკონომიკური წარმომადგენელი – ივანე ჭავჭანიძე;
- ანკარაში ქემალ ფაშას მთავრობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი სვიმონ მდივანი იყო, სამხედრო მრჩეველი – გენერალი ალექსანდრე ერისთავი, საქმეთა მწარმოებელი – არისტო ჭუმბაძე, ატაშე – მელიტონ ქარცივაძე და ზია აბაშიძე, ოფიცრები დავალებათათვის – ემუხვარი და ლეიტენანტი დიმიტრი შალიკაშვილი (გენერალ ჯონ-მალხაზ და ოთარ შალიკაშვილების მამა);
- მანჯურიაში, ხარბინში – ნიკოლოზ ჯიშკარიანი;
- აშშ-ში წარმომადგენლად – ილია გოლდმანი, მოგვიანებით – დავით ღამბაშიძე, ხოლო 1926 წელს დევნილი მთავრობის კონსულად ვასილ დუმბაძე გაიგზავნა;
- რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკაში (მოსკოვში) თავდაპირველად გაბრიელ ხუნდაძე, ხოლო შემდეგ გერასიმე მახარაძე დაინიშნა;
- ნოვოროსიისკში კონსული – პეტრე ჩინიჯიშვილი;
- შორეულ აღმოსავლეთში კონსული – ჯერ ფრანსუა თუმანოვი იყო, ხოლო შემდეგ – კირილე თუმანოვი;
- უკრაინაში – ბიქტორ თევზაია;
- ბაქოში – ივანე ქარცივაძე;
- ჩეხოსლოვაკიაში – გიორგი აიოლო;
- პოლონეთში პირველი ელჩი სიმონ სიდამონ-ერისთავი იყო, მოგვიანებით – იოსებ სალაყაია, კონსული – სერგო ყურულაშვილი;
- საბერძნეთში (ათენში) – ჩილინჯიშვილი, კონსულად – ჩინგოზაშვილი.
გარდა ამისა, ევროპასა და ამერიკაში სხვადასხვა დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური წარმომადგენლები იყვნენ: იოსებ ელიგულაშვილი, ნიკოლოზ ჯაყელი, მათე სკობელევი და სიმონ შიფრინი.
21 თებერვალი
საქართველოს მუდმივმოქმედი ეროვნული კონსტიტუცია
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ერის უზენაესი კანონი – მუდმივმოქმედი ეროვნული კონსტიტუცია, რითაც დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების უმთავრესი პროცესი.
მუხლი 6
სახელმწიფო ტერიტორიის გაცემა, დანაწილება და გაყიდვა შეუძლებელია.
მუხლი 107
საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას ზაქათალის ოლქი, ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა.
მუხლი 109
ხელოვნება, მეცნიერება და მათი სწავლება თავისუფალია; სახელმწიფოს მოვალეობაა მფარველობა გაუწიოს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.
მუხლი 113
რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის.
მუხლი 116
წვრილი მწარმოებლის – სოფლის მეურნის, ხელოსანის, შინამრეწველის-შრომის ნაყოფის დაცვა კერძო პირთა ექსპლოატაციისაგან სახელმწიფოს განსაკუთრებული საზრუნავი საგანია.
რესპუბლიკის განსაკუთრებული საზრუნავია აგრეთვე სოფლის მეურნეობის აყვავება; მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე.
მუხლი 117
შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა.
მუხლი 119
უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით.
მუხლი 126
განსაკუთრებული კანონი დაიცავს ქალთა შრომას წარმოებაში. აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისათვის მავნე წარმოებაში; მუშა ქალი მშობიარობის დროს არა ნაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისაგან ჯამაგირის მოუსპობლად; დამქირავებელს ევალება ძუძუმწოვარ ბავშვთა მოსავლელად შესაფერ გარემოებაში ამყოფოს მუშა ქალები.
მუხლი 128
რესპუბლიკას და ადგილობრივ მმართველობას ევალება დედობის და ბავშვების დაცვისათვის მზრუნველობა.
მუხლი 133
საქართველოს რესპუბლიკის ყოველ მოქალაქეს თანასწორი უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო, სამოქალაქო, სამხედრო და საქალაქო თუ საერობო სამსახური.
მუხლი 142
სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან.
25 თებერვალი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აოხრება
25 თებერვალს, უზარმაზარი ჯარების შემოსევებით თბილისში წითელი სისხლიანი დროშა აფრიალდა
1921 წლის 11 თებერვალს, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარებულ კანონიერ ტერიტორიაზე, 1920 წლის 7 მაისის საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული განსაკუთრებული ხელშეკრულების უხეში დარღვევით, მეფის რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე „რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტური რესპუბლიკის“, „ოსმალეთის იმპერიის“, „საბჭოთა აზერბაიჯანისა“ და „საბჭოთა სომხეთის“ მხრიდან „შულავერის საბჭოთა კომიტეტის“ წინამძღოლობით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, უკანონო დაპყრობითი, გამოუცხადებელი ომის წარმოება დაიწყო. სამწუხაროდ იმ ქვეყნების მხრიდან დაიწყო, საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური უმძიმესი დანაშაული, რომელმა ქვეყნებმაც თავის დროზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარება დე-ფაქტო და დე-იურე ფორმით განახორციელეს და სცნეს.
1921 წლის 16 მარტს მოსკოვში, ოსმალეთის იმპერიამ და საბჭოთა რუსეთმა გააფორმეს სამშვიდობო, მეგობრობის ხელშეკრულება და მიიტაცეს და გაინაწილეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციური მიწები.
1921 წლის 13 ოქტომბერს კი ყარსში, გააფორმეს საერთაშორისო სამართლით დანაშაულებრივი საოკუპაციო ყარსის ხელშეკრულება და ამით დაასრულეს თებერვალ-მარტის და ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციური სახელმწიფოს უკანონო სამხედრო ოკუპაცია-ანექსია და მიწების განაწილება ოთხივე მეზობელმა.
70 წელი უკანონოდ ფრიალებდა წითელი დროშა და 70 წელი, ქართველი ხალხი 25 თებერვალს ზეიმობდა და მას საქართველოს გასაბჭოების ზეიმს ეძახდა, ხოლო სინამდვილეში, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციური სახელმწიფოს აოხრების, გარუსების და გათურქების დასაწყისის დღეა.
1992-2024
საბჭოეთში დაბრუნება
1991 წლის 21-22-25-26 დეკემბერს მსოფლიოს სახელმწიფოებმა გვაღიარეს საბჭოთა კავშირის დაშლის საფუძველზე წარმოქმნილ საბჭოთა საქართველოს სამართალმემკვიდრე საქართველოს სახელმწიფოდ 1991 წლის 21 დეკემბრის ტერიტორიული მდგომარეობით და ასეთივე ფორმით არის გაწევრიანებული საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1992 წლის 31 ივლისს, რაც იყო და დღემდე არის საოკუპაციო ადმინისტრაციის რეჟიმი.
საბჭოთა კავშირის დაშლის საფუძველზე აღიარებით გვაქვს კიდევ რამოდენიმე უმძიმესი შედეგი:
- დავით-გარეჯი მოყვა აზერბაიჯანის ტერიტორიულ იურისდიქციაში, რაც ნაციონალურმა ხელისუფლებამ და სააკაშვილმა სათავისოდ გამოიყენეს და 2006 წელს ნახევარი ტერიტორიის გადაცემა მოახერხეს, მეორე ნახევარზე კი ფაქტიურად გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა;
- ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსი თავისი ექვსკილომეტრიანი მიწებით მოახვედრეს სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში;
- წლების უკან არც თურქეთმა დაგვაკლო, მდინარის ჩვენს მხარეს დაწევის გამო მიითვისეს რამოდენიმე ასეული კვკმ მიწა;
2008 წლის აგვისტოს საქართველოს საოკუპაციო ადმინისტრაციის რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაარღვია საერთაშორისო ფორმით დადგენილი ფორმატი, თავისი ხელმოწერით ოკუპანტ სახელმწიფოს გაუგრძელა სამშვიდობო ჯარის მანდატი და ცხინვალის რეგიონში გაუფრთხილებლად გააჩაღა ომი, სადაც საქართველოს მხრიდან გაეროს ფორმატით მოწვეული იყო რუსეთის არმიის ნაწილები სამშვიდობოების სტატუსით.
საბჭოთა საქართველოს სამართალმემკვიდრე საქართველოს ხელისუფლებებმა თავისი ნებით უარი თქვეს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცირი მიწების 50%-ზე მეტ მიწებზე, უარი ვთქვით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობაზე და ვაღიარეთ საბჭოთა მოქალაქეობა, უარი თქვეს ყველა ისტორიულ ღირსებაზე და ღირებულებაზე, აღიარეს „კონტრიბუტორის“ სტატუსი და უარი თქვეს 3000 წლოვან სახელმწიფოებრიობაზე, განვითარებაზე და მის მომავალზე.
ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციურ მიწაზე, რომელიც ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმებით დღემდე არის უკანონოდ ოკუპირებული და ანექსირებული.
2017
საუკუნის შემდეგ
მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა, კოლხთა ანუ სრულიად ქართველთა ეროვნული მოძრაობა „იბერია“ დაფუძნდა ევროპაში, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ სტრასბურგში 2014 წელს, პოლიტიკური დევნილის სტატუსით მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიერ.
2015 წლის 19 მაისს მოძრაობა „იბერია“ რეგისტრაციაში გატარდა ქალაქ სტრასბურგში, შილტიგჰეიმის სასამართლოში, ხოლო 2017 წლის 6 ნოემბერს ოფიციალურად, წესდებით ვაღიარეთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის მუდმივმოქმედი კონსტიტუცია.
2017 წლის 21 თებერვალს N 01 ოქმით მივიღეთ 1920 წლის 7 მაისს მეფის რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული განსაკუთრებული ხელშეკრულების აღიარების დადგენილება. ამას მოჰყვა 2018 წლის 21 თებერვლის განსაკუთრებულ სხდომაზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 და 1921-1934 წლების ემიგრაციული მთავრობის სამართალმემკვიდრეობის გამოცხადება.
მსოფლიოში მცხოვრებ იბერებს, კოლხებს, ანუ სრულიად ქართველებს მოგიწოდებთ, რომ არ დავტოვოთ ჩვენი შვილები საბჭოთა საქართველოს სამართალმემკვიდრე საქართველოს მოქალაქეებად. დაუბრუნოთ ჩვენს სამშობლოს ღირსება და გავერთიანდეთ მისი თავისუფლებისთვის.
ვიყოთ ღირსეული მამულიშვილები, ჩვენი შვილების საამაყო მშობლები,
გავხდეთ სახელოვანი წინაპრები!